საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.
მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა, 12 წინააღმდეგ წავიდა.
პრემიერ მინისტრმა დასკვნით სიტყვაში იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით მიაღწევენ იმ მიზანს, რაც პროგრამაშია გაწერილი.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვისმინეთ და გვქონდა შინაარსიანი საუბრები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამომსვლელს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემ გვერდით დგანან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია, თავის საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენ პროგრამაში დაფიქსირებული. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან. ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ. მოგმართავთ პარლამენტის ყველა წევრს, დაგვიჭიროთ მხარი და ნდობა გამოუცხადოთ აქ წარმოდგენილ გუნდს. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ხვალიდან შეუდგება ახალი გუნდი საქმიანობას, რადგან წინ ბევრი სასიკეთო და საინტერესო საქმე გვაქვს გასაკეთებელი. იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები“, განაცხადა ბახტაძემ.