საქართველო

საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება, სადაც კანონმდებლები საგანგებო მდგომარეობის ვადის 10 მაისამდე გახანგრძლივებას უყრიან კენჭს, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრის წარდგინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე დეკრეტი უნდა გამოსცეს.

პარლამენტში კენჭისყრამდე საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტის დეკრეტით გახანგრძლივდება. შევა თუ არა ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილ იმ ნორმებში, რომელიც ქვეყანაში სადღეისოდ მოქმედებს, ეს პრეზიდენტის დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულად დაუჭერს მხარს.

„პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება პროცედურებს, არავის უნდა ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას განიცდის – არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის ეგონოს, რომ საგანგებო მდგომარეობაში რაიმე წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“,  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

მან „სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ „ოპოზიცია რეალურად პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიც არის, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ისინი უკავშირებენ ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავად ძალიან კარგად ხედავენ, მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების, გამოწვევების მიმართულებით“.

„3 მილიარდი დოლარი უკვე არის მობილიზებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ასევე სოციალური მიმართულებით დაიხარჯება. ამდენად მათი ეს განცხადება უფრო პოპულიზმის ნაწილია, ვიდრე რეალობის“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

GUARDIAN.GE