საქართველო

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბა

პარლამენტი 17 იანვარს რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბა.

„კოლეგებო მოგესალმებით, მივესალმები საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ახალი – 2020 წელი და გისურვოთ ნაყოფიერი, მშვიდობიანი, წარმატებული წელი თითოეულ თქვენგანს და ასევე მთელ ქვეყანას“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რიგგარეშე სესიის გახსნამდე როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილთ, ასევე ქვეყნის მოსახლეობას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებობს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დღეიდან, 2020 წლის 17 იანვრიდან, მოწვეულია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია.

დეპუტატთა რეგისტრაციის შემდეგ, პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და კანონმდებლებმა დაამტკიცეს პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

პარლამენტმა პირველ საკითხად განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.

საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა გამოიტანა.

პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების პროცედურასთან დაკავშირებით სხდომაზე მსჯელობა გაიმართა.

პლენარულ სხდომას ბოიკოტის რეჟიმში არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები. ამ ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს გაუჩნდა კითხვა, რამდენად სამართლიანია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დაუჭირონ მხარი მაშინ, როდესაც თვითონ ამ პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ სხდომის მუშაობაში მონაწილეობას.

ზოგიერთმა საკითხზე კენჭისყრის გადადებაც მოითხოვა მანამდე, სანამ ოპოზიცია არ დაბრუნდება პლენარულ სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოლეგების შეფასებებს არ შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ უმრავლესობა მხარს უჭერს „პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას“.

„ჩვენ თითქმის საათზე მეტი ველოდეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია, ფორმალური, მაგრამ თავიანთი უფლებამოსილება შეესრულებინათ. უფლებამოსილება, რომლის ფარგლებში როდესაც ერთი დეპუტატი, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ტოვებს პარლამენტის რიგებს, მის ნაცვლად შემოდის მეორე. ეს არის წმინდა ფორმალური უფლებამოსილება. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ როდესაც ბატონი ნიკა მელია ისეთივე შეფასებით, და არა ნაკლებით, როგორიც არის ბადრი ბასიშვილი, ტოვებდა პარლამენტს. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ იყო ფორმალურად გადასაწყვეტი საკითხი, როდესაც კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ ჩვენ მწვანე ღილაკს ვაჭერთ ხელს იმიტომ, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ფორმალურ ვალდებულებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოების ნაწილი ნაციონალური მოძრაობას უჭერს მხარს და საარჩევნო ბიულეტენში ხაზავს ხუთ ნომერს – ეს ნიშნავს ნიკანორ მელიას, ბადრი ბასიშვილის და მათნაირების მხარდაჭერას, პარლამენტს კი, სამწუხაროდ, არ აქვს ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება და, შესაბამისად, უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას.

„ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ეს არის ამომრჩევლის ნება, მის რევიზიას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ჩვენ ამ ფორმალურ უფლებამოსილების შევასრულებთ. შესაძლოა, ეს არავის უხარია, მაგრამ დავეთანხმები, ალბათ იმდენად რცხვენიათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაბედა თავიანთ თანაგუნდელთან დაკავშირებით ეს ფორმალური უფლებამოსილება შეასრულოს და ხელი დააჭიროს მწვანე ღილაკს. ამიტომ ჩვენ, მათ განვუმარტავთ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, იმიტომ რომ არსებობს პროცედურული დემოკრატია და პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში, ჩვენ და პირადად მე, მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, მოხდება პარლამენტის საქმიანობის პარალიზება და ამის დაშვება არ უნდა მოხდეს.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაა პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კანონი იყოს დაცული.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც ჩვენ მოგვთხოვს პასუხს მთელი საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვიტყვით. რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვამ ფორმალური, მაგრამ რეალურად მაშინ ჩვენ არც ვიცესპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციიდან არ უნდა ავირჩიოთ და უნდა გავაჩეროთ პარლამენტის საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც ითქვა, არჩევნებია ჩასატარებელი. ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, იმის წინაშეც ჩვენ ვართ ვალდებულები, აბა ეს ფრაქცია მოვა თუ არ მოვა, ხმას მიცემს თუ არ მისცემს რა მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ამიტომ გვარებს არ აქვს აქ მნიშვნელობა, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ, ამას გვთხოვს საზოგადოება და რაც არ უნდა ემოციურად დატვირთული იყოს ეს ვითარება, რეალობა ეს არის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, უმრავლესობა უნდა იყოს სამაგალითო იმაში, რომ იცავს კანონს, რეგლამენტს, კონსტიტუციას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა სამართლებრივი პროცედურები და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იმპერატიულად ითხოვს – სანამ არ მოხდება დეპუტატის უფლებამოსილების როგორც ცნობა, ასევე შეწყვეტა, პარლამენტი სხვა საკითხებს ვერ განიხილავს.

„უპასუხისმგებლობის ზენიტია ის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები თავიანთი კანდიდატის განხილვაზეც კი არ შემოვიდნენ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ისინი ამ საკითხშიც კი არ იჩენენ პასუხისმგებლობას. ჩვენ კი გვაქვს ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინაშე, ყველამ უნდა დაინახოს, რომ პარლამენტი ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამ საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

კერძოდ, პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი მისი სიმარტივის მიუხედავად, არის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ წიაღისეულის ლიცენზიანტებს მიეცემათ შესაძლებლობა პირდაპირი წესით, კონკრეტული პირობებით, კერძოდ კი, გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის მიზნით, მიიღონ მიწის ნაკვეთები არაუმეტეს 3 ჰექტრისა, ლიცენზიის მოქმედების ვადით. ვადა ასევე განსაზღვრულია – არაუმეტეს 49 წლით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადგილზე წარმოებას წაახალისებს, წიაღის ლიცენზიანტებს მისცემს ბიძგს, რომ საქართველოში მოპოვებული ნედლეული ადგილზე გადაამუშაონ. გაიზრდება სამუშაო ადგილები და აქედან გამომდინარე, საინვესტიციო თვალსაზრისით, პროექტი არის დადებითი“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარადგინა კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.

მომხსენებლის განცხადებით, აქ ძირითადად პროცედურული საკითხები იცვლება: ერთი, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნება არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ინფორმაცია ისედაც ვებგვერდების და პორტალების მეშვეობით ვრცელდება. ასევე, არამნიშვნელოვან, მიმდინარე რესურსებზე, როგორიცაა არამადნეული, საშენი მასალა, ქვიშა, ხრეში, მიწისქვეშა მინერალური წყალი არაუმეტეს 5 ათასი კუბ. მ.- ისა, შესაძლებელი იქნება, რომ აუქციონი იყოს 15-დღიანი და არა ერთთვიანი, როგორც დღემდე მოქმედი კანონითაა.

პარლამენტმა განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი „გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან შეერთების თაობაზე“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

საქართველო გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმს, რომელიც ეხება სათბური გაზების ემისიების შემცირებას, შეუერთდა 1999 წელს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დოჰას ცვლილება წარმოადგენს კიოტოს ოქმის მეორე სამოქმედო დოკუმენტს 2020 წლამდე და საქართველო მასთან შეერთებით, ადასტურებს სურვილს, რომ გააძლიეროს აქტიური საქმიანობა კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

კანონმდებლებმა ასევე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კოლეგებს პარლამენტის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა გააცნო.

დადგენილების პროექტის არსია „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით გათვალისწინებული შემადგენლობების შესწორება საპარლამენტო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების შესაბამისად.

პარლამენტმა დასასრულ განხილულ საკითხებს კენჭი უყარა.

ამით რიგგარეშე სესიის 17 იანვრის პლენარული სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა დასრულდა. შესაბამისად, რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით დღესვე დაიხურა.