საქართველო

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი ეწვია

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი ეწვია, რომელიც საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შორის მიმდინარე წლის 26 მარტს ისრაელში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, აგრეთვე ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია კომპანია „ელბიტის“ ინვესტიციით თბილისში მაღალტექნოლოგიური საწარმოს საზეიმო გახსნაში მონაწილეობა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ტექნო პარკის დათვალიერება.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.