საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით, 25:16 დაამარცხა

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით  25:16 დასრულდა.

„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის დამარცხებით რაგბი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს და ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნეს.

ქართველებმა 3-ქულიანი უპირატესობა თამაშის მე-8 წუთზე, სოსო მათიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად მოიპოვეს, რასაც მალევე, რუმინელების მხრიდან ასევე ჯარიმის ზუსტი შესრულება და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა, თუმცა 22-ე წუთზე ლაშა ლომიძის მიერ დადებული ლელოსა და სოსო მათიაშვილის გარდასახვის ზუსტად შესრულების წყალობით, ანგარიში 10:6 გახდა, მე-40 წუთზე კი რუმინელებმა მორიგი ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი, ანგარიშით 10:6 დასრულდა.

„ბორჯღალოსნებმა“ მე-2 ნახევრის დაწყებიდანვე მოახერხეს მორიგი ლელოს გატანა (ლელოს ავტორი ანზორ სიჭინავა), მათიაშვილმა კი ამჯერადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ანგარიშში 11 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, 47-ე წუთზე კი ისევ მათიაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით ანგარიშში 14-ქულიანი უპირატესობა იქნა მოპოვებული – ანგარიში 20:6 გახდა.

62-ე წუთზე კი ქართველების დაჯარიმების შემდეგ, ლაიკუმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 20:9 გახდა.

72-ე წუთზე ლელო კახა ასიეშვილმა გაიტანა და „ბორჯღალოსნები“ 16 ქულით დაწინაურდნენ. მათიაშვილის გარდასახვა კი ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა, რის გამოც ანგარიში 25:9 დარჩა.

მატჩის მიწურულს რუმინელებმა ლელოს დადება შეძლეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, თუმცა თამაში საბოლოოდ მაინც ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 20:16 დასრულდა.

ქართველი მორაგბეები სტადიონზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.