საქართველო

საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას გაესვა ხაზი დავით ზალკალიანის შეხვედრაზე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, ბილ ფლორესთან

მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან  საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთ საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებითა და დამტკიცებით. 

მათ შორის მხარები მიესალმნენ 116-ე მოწვევის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ხელახალ ინიცირებას და ასევე  2019 წლის აშშ-ს კონსოლიდირებული აქტის სენატის ვერსიაში საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების გაზრდას, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვერსია შენარჩუნებული იქნება საბიუჯეტო კანონის საბოლოო დამტკიცებისას.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ახალი მოწვევის კონგრესთან, რისი გამოხატულებაც იყო გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და აღნიშნა ამ პროცესში აშშ-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას და ამ კუთხით აშშ კონგრესის მხარდაჭერას.