საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ყაზახელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს. ითქვა, რომ გასულ წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოზიტიური დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ხაზი გაესვა ყაზახურ ინვესტიციებსა და ქვეყანაში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას : განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის, IT ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობას.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მრავალი წელია, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში არ ყოფილა.
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი და საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის, ასევე კულტურის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს ქვეყნებს შორის ორმხრივ ვაჭრობაში 136%-იანი ზრდა დაფიქსირდა და სასიხარულოა, რომ დადებითი ტენდენცია წელსაც გრძელდება, – 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 283%-ით გაიზარდა და 188 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ყაზახეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ბაზრებზე ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პერსპექტივები.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო დაინტერესებულია ყაზახეთის რესპუბლიკასთან ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს საქართველოში. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმატებით საქმიანობენ გავლენიანი ყაზახური კომპანიები, რომლებიც ბიზნესისთვის შექმნილ ხელსაყრელ პირობებს იყენებენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს TRACECA-სა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში ზემოაღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.
მხარეებმა იმსჯელეს ასევე საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გავლით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების გაზრდის და კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. გამოითქვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზებით ევროპის აზიასთან დაკავშირების პროექტის განსახორციელებლად საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.
შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს და ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის შეთანხმებას.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრს, ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის მეგობრული თანამშრომლობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.