საქართველო

საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious-ს 120,000 აშშ დოლარს გადაუხდის

საქართველოს მთავრობა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან ვიზიტებისას გამოსვლების – „თემატურად მორგებულ „სასაუბროების“ – მოსამზადებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious“-ს წელიწადში 120,000 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარის ღირებულება 2020 წლის 19 თებერვალს 2.8631ლარს შეადგენს, ამ კურსით 120,000 აშშ დოლარი = 343,572 ლარს) გადაუხდის.

როგორც მხარეებს შორის 2020 წლის იანვარში გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული, დამკვეთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხელისმომწერი კი ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილია. ფირმის/მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისი ყოველთვიური ანაზღაურება 10,000 აშშ დოლარს შეადგენს.

„გზავნილების მომზადება საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირებისთვის. StrateVarious შეიმუშავებს სტრატეგიულ და ბრენდინგის ნარატივებს. ნარატივები მორგებული იქნება საქართველოს ოფიციალურ პირებსა და სხვა წარმომადგენლებზე და მათ ექნებათ მოკლე, თანმიმდევრული და დროული გზავნილების სახე. დამკვეთის საკომუნიკაციო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, StrateVarious დაეხმარება დამკვეთს პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის გამოსვლების მომზადებაში. ის მოამზადებს თემატურად მორგებულ „სასაუბროებს“, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური პირები აშშ-ში ვიზიტისას თუ სხვა შემთხვევებში გამოიყენებენ“, ნათქვამია ხელშეკრულებაში.

GUARDIAN.GE