საქართველო

საქართველოს კულტურის სამინისტრო მუზეუმების საერთაშორისო დღეს ორი მთავარი სიახლით აღნიშნავს

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ განცხადება გააკეთა.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იწყებენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში მონაწილეობას.

მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 20 აპრილს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ბრიფინგზე მან ამ მუზეუმის აღდგენა დააანონსა. 18 მაისს კი, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, სამინისტრო აცხადებს, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში ახალი თაობა – სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის, სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციისა და სხვა სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 50-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება.

ასევე, მუზეუმის აღდგენის პროცესში ჩაერთვება ის რამდენიმე ახალგაზრდაც, რომელიც მინისტრის 20 აპრილის მოწოდებას კულტურის სამინისტროს სისტემის გარედან გამოეხმაურა და ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ახალგაზრდები შესაბამისი კვალიფიკაციის უფროსი ასაკის პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებენ და მათი პირველი ამოცანა ფონდების აღრიცხვა, შესაბამის ჟურნალებში მითითებულ მონაცემებთან რეალური მონაცემების შეჯერება და იმის დადგენა იქნება, თუ რა ინახება ამჟამად ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდებში. დანაკლისი ცალკე აღირიცხება და გატარდება კანონით დადგენილი ღონისძიებები. საბოლოო ჯამში კი თითოეული ექსპონატის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პასპორტიზაცია უნდა მოხდეს და ფონდების მართვაც მკაცრად გაწერილ პროტოკოლსა და თანამედროვე მენეჯმენტს უნდა დაექვემდებაროს.

ამავდროულად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას, რაც მათ სასწავლო პროცესში კრედიტების მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო მომავალში წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაში შეუწყობს ხელს.