საქართველო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეც-ტექნიკა შეისყიდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეც-ტექნიკა შეისყიდა, რომლის პრეზენტაციაც ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტრომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური წყალმზიდები, ავტობუსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები „ამბულანსები“ და მიკროავტობუსები შეიძინა.

ახალი სპეც-ტექნიკა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე დაათვალიერა. მინისტრის მოადგილეს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ ტექნიკის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებსა და თავდაცვის სამინისტროს, საჭიროებებიდან გამომდინარე, მოემსახურება.

თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.