საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რაიმუნდას კარობლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ლიეტუვასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს, ამ კონტექსტში კი, ლიეტუვასთან ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივ მიდგომებსა და მოქმედების გეგმებზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გაცვლითი ვიზიტები ლიეტუვასა და საქართველოში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად მართავს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს მირჩა ჯოანს, ასევე ბულგარეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება.