საქართველო

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით მომზადება ხუთმა ბატალიონმა გაიარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP-T) მომზადება უკვე ხუთმა ბატალიონმა გაიარა. თავდაცვის ძალების 41-ე ბატალიონის მიერ მე-5 როტაციის წარმატებით დასრულება საბრძოლო მომზადების ცენტრში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.

პროგრამაში მონაწილე პირად შემადგენლობას წვრთნების დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ მიულოცეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ბატალიონის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწყებრივი მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) ფარგლებში თავდაცვის ძალების 41-ე ბატალიონს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები სამი თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ქვედანაყოფს ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება ჩაუტარდა. სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტის ოპერაციების, ასევე, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციების წარმოებას დაეუფლნენ. სწავლების ძირითადი ნაწილი ამოცანით მართვის პრინციპებით მოქმედებას დაეთმო.

შემდეგ ეტაპზე საქართველოს მზადყოფნის პროგრამით (GDRP-T) მომზადებას 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაივლის.