საქართველო

საქართველოს ეროვნული ბანკი: დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა მთელ ქვეყანაში

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც მითითებულია თუ რომელი საფინანსო ორგანიზაციების მუშაობა იზღუდება დღეიდან სამუშაო ოფისიდან.

ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.

აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოსტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოსტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

„ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

იმისთვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე – info@nbg.ge.