საქართველო

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, ვახტანგ ჯაოშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იბრაჰიმ აბდულაზიზ ალ-ასაფს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ყურადღება გამახვილდა  ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და  და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და საუდის არაბეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რის დასტურსაც წარმოადგენს მიმდინარე წლის 16-18 იანვრისათვის დაგეგმილი, მაჯლის ალ-შურას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი ქ. თბილისში.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ქ. თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და გამოხატა იმედი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოთქვა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზადყოფნა. ასევე,საგარეო საქმეთა მინისტრმა  ხაზი გაუსვა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი  საუდის არაბეთის მოქალაქეთა დიდ დაინტერესებას, რაც გამოიხატება საუდელ ტურისტთა რაოდენობის რეგულარულ ზრდაში.