საქართველო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილმა ლევან დავითაშვილი შეცვალა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში. ლევან დავითაშვილი ასევე ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილი დღემდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარიამ ქვრივიშვილის შრომით ბიოგრაფიაში საჯარო სამსახურში საქმიანობის შვიდ წელზე მეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკავშირდება – იგი ხელმძღვანელობდა სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ორჯერ ეკავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ქვრივიშვილი ასევე იყო საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორშიც მაღალ პოზიციებზე. მარიამ ქვრივიშვილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი შვიდი წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება, რომ გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ ყველა მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან დავითაშვილი არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს აახალი მისიის შესრულებას.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.