საქართველო

საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში. კონფერენცია თავს უყრის დიპლომატიაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 50-ზე მეტი წელია, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ამოცანას წარმოადგენს ნდობის გამყარება და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში წვლილის შეტანა. კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების განხილვა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც თებერვალში იმართება, თავს უყრის 500-ზე მეტ ცნობილ, მაღალი რანგის გადაწყვეტილებების მიმღებ პირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის სახელმწიფოთა მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მრეწველობის, მედიის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ინტენსიურ დებატებში.

2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება.

ტრადიციულად, კონფერენციის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაიმართება ათობით ოფიციალური ღონისძიება, ასევე ათასობით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმასპინძლებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებს, რომლებიც მიეძღვნება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება, ტრანსნაციონალური უსაფრთხოება და სხვ.

საქართველოს დელეგაცია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.