საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – მოგესალმებით, მე მინდა მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალიხან სმაილოვს. ეს არის ბატონი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მე მინდა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა.
ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით.
ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები. მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, – ვგულისხმობ ექსპორტისა და, ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში.
ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ.
ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის” საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ, აზერბაიჯანთან ერთად და საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი” გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად, აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით „შუა კორიდორში”. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, – ეს არის 5-წლიანი გეგმა, დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი, და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით. მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები.
ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. მინდა აღვნიშნო, რომ სავაჭრო ბრუნვამ წელს იანვარ-აპრილში უკვე შეადგინა 188 მლნ დოლარი, რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და, ზოგადად, ამ თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით.
ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ამ პოტენციალის სრულად ათვისების სრული მზაობაა ორივე მხრიდან და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს ვიზიტისთვის. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ყაზახეთში გასულ წელს. კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე ბატონ პრემიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენც, ქართველები, შევეცადეთ, რომ სათანადო მასპინძლობა გამოგვეჩინა. კიდევ ერთხელ მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს და სიტყვას გადავცემ ჩემს მეგობარს.
ყაზახეთის პრემიერ მინისტრი ალიხან სმაილოვი – საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები – მჭიდრო.
გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს.
დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა, მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები.
გასულ წელს 7-ჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს.
ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან, 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება.
მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.
გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები – 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვინდა ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად.
მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიისა და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით.
მოლაპარაკებების დროს ასევე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი.
მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგი გავლენა ექნება ბიზნესკავშირებზე და ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ისევე, როგორც ტურიზმის სექტორზე.
მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს, რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.
ყაზახეთის მთავრობა მზადყოფნას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის.

