საქართველო

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია:

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ ახალი სტატუსით სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენს ფუნქციას და როლს, ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავხადოთ მეტად ეფექტური.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა ეკონომიკა. აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონულ საკითხებს და შევთანხმდით, რომ სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს.

შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ.

დიდი მადლობა ჩემს კოლეგას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:

ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერო, ქალბატონებო და ბატონებო. კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაციას მისი ხელმძღვანელობით. ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში შეამჩნიეს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება განსაკუთრებული სითბოთი, აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით და ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი გასვლითი ვიზიტი შედგა საქართველოში. ჩვენი კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და თქვენი ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას. მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე რეგიონული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ საერთო მოსაზრება გვაქვს ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხშიც. ხაზი გავუსვით ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მივეცით ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას.

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხთაგანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბება. ამ მხრივ, დარწმუნებული ვართ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე. ჩვენ სტიმული უნდა მივცეთ და ნებისმიერ სფეროში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ამ კონტექსტში შევეხეთ რეგიონულ კონფლიქტებს. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ, რომ ეს კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში.

პატივცემულო პრემიერო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხურ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ დადებით დინამიკას.