ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საფრანგეთში არეულობებისას 1 000-მდე ადამიანი დააკავეს – პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ „აღადგენს ეროვნულ ერთიანობას“

საფრანგეთში 17 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რასაც არეულობები ახლავს თან, პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა პირობა დადო, რომ „აღადგენს ეროვნულ ერთიანობას“.

„ყვითელი ჟილეტის მოძრაობის“ მიერ საწვავზე ფასებისა და ცხოვრების ხარჯების გაზრდის წინააღმდეგ წამოწყებული მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები უკვე არაერთხელ გადაიზარდა არეულობებში. შაბათს კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაკავებულია 1 000-მდე ადამიანი, თუმცა არეულობები იმ მასშტაბის არ ყოფილა, როგორიც ეს ერთი კვირის წინ იყო, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მშვიდობიან პროტესტანტებთან დიალოგი „უნდა გაგრძელდეს“ და დაამატა: „არანაირმა გადასახადმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე ჩვენს ეროვნულ ერთიანობას. ჩვენ ახლა უნდა აღვადგინოთ ეროვნული ერთიანობა დიალოგის გზით, მუშაობის გზით, ერთად დგომით“.

მან თქვა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომლის გადადგომასაც ბევრი პროტესტანტი ითხოვს – მალე „მიიღებს ზომებს დიალოგის გასაძლიერებლად“.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქრისტოფ კასტანერმა შეაქო პოლიცია, რომელმაც არეულობის აღკვეთას თავი გაართვა.

შაბათს გვიან ღამით, პრეზიდენტმა მაკრონმა „თვითერის“ მეშვეობით მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების ძალებს მათი „სიმამაცისა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმისათვის“.

პარიზში ბენზინსა და დიზელზე ფასების მატების გამო „ყვითელჟილეტიანების“ მიერ 17 ნოემბერს დაწყებული მძლავრი და ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები, რაც მოგვიანებით დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებსა და მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, იმის საფუძველი გახდა, რომ საფრანგეთის პრემიერ მინისტრს, ედუარდ ფილიპს საწვავზე ფასების მატების თაობაზე ექვსთვიანი მორატორიუმი გამოეცხადებინა.

რა მოხდა შაბათს საფრანგეთში?

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის გასწვრივ დაახლოებით 125 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩებში.

ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 000 ოფიცერი განალაგა, მათ შორის 8 000 პარიზში, სადაც ასევე 12 შეიარაღებული სატრანსპორტო საშუალებაც იქნა გამოყენებული.

დედაქალაქში დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოვიდა პროტესტის გამოსახატად. დემონსტრანტებმა ფანჯრები ჩაამტვრიეს, ავტომანქანები დაწვეს და მაღაზიები გაძარცვეს.

guardian.ge