საქართველო

საპენსიო ასაკის ის პედაგოგები, რომლებმაც სისტემიდან გასვლა უკვე გადაწყვიტეს, ფულად ჯილდოს სექტემბერში მიიღებენ

საპენსიო ასაკის ის პედაგოგებს, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ სისტემას, ფულადი ჯილდოს მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

„დადგენილება უკვე შევიდა ძალაში. ორი წლის ანაზღაურებასთან ერთად, ნებაყოფლობით სისტემის დატოვების შემთხვევაში საპენსიო ასაკის პედაგოგები ჯანმრთელობის დაზღვევთაც იქნებიან უზრუნველყოფილნი. დაახლოებით ექვსი ათასამდე პედაგოგია, რომელმაც სისტემიდან გასვლის შესახებ გამოთქვა სურვილი. ვინც გამოთქვამს სურვილს, სექტემბრის ბოლოს მიიღებს ჯილდოს, თუმცა ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და საპენსიო ასაკის პედაგოგებს 31 დეკემბრის ჩათვლით მიეცემათ საშუალება, დატოვონ სისტემა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, პედაგოგების ნაწილი კიდევ აპირებს სისტემიდან გასვლას და გასვლის მსურველთა რაოდენობაც აჩვენებს, რომ თემა აქტუალური იყო.

„მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სისტემას ემსახურებოდნენ. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება, რადგან რეალურად რამდენჯერმე მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ შემოთავაზებით“,  განაცხადა ბატიაშვილმა.