საქართველო

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურების როგორც შიდა, ასევე, გარე პერიმეტრზე ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ.


დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ. საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლი მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.