საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების და „სამთავრობო პროგრამის 2019-2020“ განხილვის მიზნით საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – კონსერვატორების“, „ქართული ოცნება – მრეწველების“, „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ და „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მთავრობის წევრობის კანდიდატებს უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ მიმართა.

„ჩვენ საკმაოდ ინტენსიური განხილვები გვქონდა კომიტეტების ფორმატებში. დაახლოებით 300-მდე შეკითხვა დაისვა და საკმაოდ სიღრმისეული პასუხები მოვისმინეთ. გარდა ამისა იყო გამოსვლები, იყო დესტრუქციის მცდელობაც, იყო საქმიანი განხილვებიც. დროის მიხედვით თუ დავითვლით, ალბათ ასეთი ვრცელი განხილვა მთავრობის შემადგენლობის არ გვქონია. დასაფასებელია მოთმინება, კონსტრუქციულობა და მისწრაფება იმისკენ, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ არა მარტო განვლილი საქმიანობის, არამედ მომავალი გეგმების შესახებ, რაც უნდა გახდეს მთავარი რესურსი იმისა, რომ მთავრობის წევრთა კანდიდატებმა დაიმსახურონ უმრავლესობის მხარდაჭერა და არა მარტო პარლამენტში, არამედ საზოგადოებაში.
აღარ შევეხები პერიპეტიებს, რომელსაც სამწუხაროდ, ამ შენობაში ჰქონდა ადგილი და, რომელიც აბსოლუტურად არ უხდება არც შინაარსით, არც თავისი ისტორიით იმ განხილვებს, რისთვისაც ჩვენ შევიკრიბეთ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რა საკვირველია არავის ვადანაშაულებ, მაგრამ მედიაც რეალურად იძულებული იყო ფაქტიურად სკანდალურ თემებზე გადართულიყო მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ძალიან საინტერესო მიმართულებებზე იყო საუბარი. ყველა საკითხთან დაკავშირებით – განათლება, თავდაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მომავალი ხედვები, ეკონომიკის თუ ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით, კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების საკითხებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის ძალიან საინტერესო თემები იყო განხილული, სოციალური და ჯანდაცვის თემები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დაიკავა, რომელმაც სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ საშუალებისთვის, რომ მოგმართოთ თქვენ ამ სტატუსით დღეს. ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა, ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც ვიცი, რომ გაიმართა ჩემს კოლეგა მინისტრებთან და იმ შინაარსობრივი საუბრებისთვის, რომელმაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა და გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი იქნება ასახული პროგრამაშიც და ჩვენს ხვალინდელ შეხვედრაშიც.

დღეს მინდა, ერთმნიშვნელოვნად, მოკლედ გითხრათ, იქედან გამომდინარე, რომ ვიცი, დღევანდელი ჩვენი დისკუსიის ნაწილიც ასევე აისახება ჩვენს ხვალინდელ პარლამენტის მიმართ მიმართვაში, რომ ჩვენ ვთვლით, უკეთესია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვილაპარაკოთ კონკრეტულ ქმედებებზე. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთლიანად ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შედეგიანი, წარმატებული ინიციატივა გვქონდა. ძალიან ბევრი კარგი, ახალი პროგრამა გვქონდა, თუმცა ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ეს წელი აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული ქმედებების, ეფექტების და შედეგიანობის წელი. ამიტომ, ვთვლით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვილაპარაკოთ კონკრეტულ საქმეებზე. ეს მიდგომა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფრაქციების სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. უმრავლესობის წევრების შეკითხვები 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას, სიღარიბის დაძლევის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის გრძელვადიან ხედვებს, ეროვნული ვალუტის მდგრადობის საკითხებს, მიწის რეფორმის მოსალოდნელ შედეგებს, მთავრობასა და ბიზნესს შორის დამოკიდებულებას, საგარეო პოლიტიკის მიღწევებს და შედეგებს, განათლების რეფორმის გაგრძელების პერსპექტივებს, სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ხარვეზების აღმოფხვრას, სამინისტროების სტრუქტურული რეორგანიზაციის შესაძლებლობების საკითხს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. პარლამენტის წევრების შეკითხვებს გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა ვრცელი და დეტალური პასუხების გასცეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომის დასასრულს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს კიდევ ერთხელ მიმართა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს უდიდეს პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა იცოდეთ, რომ პრინციპი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ იქნება ნაკლები ინიციატივები და მეტი საქმე, ეფექტურობა და რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიუროკრატია იყოს ეფექტური და იყოს კეთილსინდისიერი, ამ შემთხვევაში მერწმუნეთ რომ მეტის მოთხოვნა შეგვიძლია როგორც ჩვენი ოპონენტებისთვის, ასევე თხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მხარი დაგვიჭირონ და ჩვენთან ერთად 24 საათი იშრომონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვავითაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.