საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძის შემდეგ, სხვებმაც დატოვონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძის შემდეგ, სხვებმაც დატოვონ და ამის მიზეზად დეპუტატი პარტიის და პარლამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას ასახელებს.

„ბატონი გედევანის უკმაყოფილება არ არის გამოწვეული ერთი რაღაც განზოგადებული თემით… იყო დაგროვებული [უკმაყოფილება]… ვცდილობთ ეს ყველაფერი, როგორმე გუნდის შიგნით იყოს აღმოფხვრილი…თუკი ეს მრავლობით ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა ეს ცნობილი გახდება… არაფერს არ გამოვრიცხავ. მთავარი პრობლემა ის არის „ქართული ოცნების“ გუნდში, რომ უმრავლესობის უმრავლესობა დეპუტატები, უფუნქციოდ დარჩნენ. არის დაჯგუფება, რომელიც მართავს პარლამენტს და რატომღაც გადაწყვეტილება მე მგონი იღება ერთპიროვნულად, ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კომუნიკაციაა დეპუტატებთან საჭირო და გადანაწილება ფუნქციების, რომ არ იყოს წყენის მიზეზი და განხეთქილების მიზეზი“, უთხრა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს შალელაშვილმა.

დეპუტატმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ეს, კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის დაჯგუფება, რომელიც ერთპიროვნული გადაწყვეტილებების უკან დგას, ასე უპასუხა:

„რა თქმა უნდა. ლიდერები გვყავს პარლამენტში, არა მარტო უმრავლესობის, არამედ ლიდერები პარლამენტში – თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, ლიდერი ჩვენი, ქართული ოცნების. რა თქმა უნდა არის კიდევ ბევრი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, გადაწყვეტილებებში, ჩვენც, რიგითი დეპუტატებიც უნდა ვიყოთ ჩართულები“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა მედიის ყურადღება გასული წლის დეკემბერში მიიპყრო, როცა მან საქართველოს პრემიერ მინისტრს ინიციატივით მიმართა, „რაც შეიძლება მოკლე დროში“ დაეჭირა მხარი პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისათვის – იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით და ამით, ქვეყანას გამოეყნებინა „ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გამხდარიყო პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერდა ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.

პრემიერმა კვირიკაშვილმა კი დეპუტატის ღია წერილის საპასუხოდ უკმაყოფილებით განაცხადა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ მინისტრისთვის, არის მიუღებელი.