საქართველო

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარე 19 დასახლებული პუნქტი მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალმთიანის სტატუსი 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღსდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.