საქართველო

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გუბერნატორი, ამავე სამსახურის უფროსთან, კობა კურტანიძესთან ერთად, მეეზოვეებს მოულოდნელად ესტუმრა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო პროცესსაც დაესწრო და მეეზოვეების მოსაზრებები მოისმინა, რომლებიც ძირითადად, არსებული ვითარების გაუმჯობესებას ეხებოდა.

გუბერნატორის თქმით, სამუშაო პროცესში ეფექტური და ნაყოფიერი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, მნიშვნელოვანია, პირდაპირი კომუნიკაცია მათთან, ვინც სამუშაოს შესრულებაში უშუალოდ არის ჩართული.

„დასუფთავების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ ახალციხის ქუჩები მოვლილი და სუფთაა. ისინი მუშაობენ მაშინაც, როდესაც ქალაქში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სძინავს. ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ შეტანილ წვლილს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში”, განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.