საქართველო

სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მკურნალობისთვის მსჯავრდებულებს თვეობით ლოდინი აღარ მოუწევთ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მკურნალობისთვის მსჯავრდებულებს თვეობით ლოდინი აღარ მოუწევთ. პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მალე გადაიჭრება.

„სამწლიანი რიგები იყო. 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 2 862 პატიმარი 2 და 3 წლის განმავლობაში ელოდებოდა რეფერალს. ბატონი გიორგი პატარიძის ინიციატივით შემუშავდა გეგმა და დაიწყო მსჯავრდებულების მასობრივი გაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში. თვენახევრის მანძილზე, დღესასწაულების ჩათვლით, 500 საოპერაციო პატიმრიდან, რომელიც წლებია რიგს ელოდებოდნენ, 172-ს ოპერაცია გაუკეთდა. თუ ასე გავაგრძელეთ და ეს არის ჩვენი გეგმა, სტაციონალური რეფერალის რიგებს მარტისთვის და აბულატორიული რეფერალის რიგებს მიმდინარე წლის ივნისამდე გავნაშთავთ. “- განაცხადა თეა წულუკიანმა.