საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულ ფორმებში მიმდინარეობს

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიულ ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.