საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: შეთანხმება ბევრს ნიშნავს პირველ რიგში საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით

„დღევანდელი დღიდან ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი შეფასებით, დოკუმენტზე ხელმოწერით და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვით საზოგადოებამ ამოისუნთქა და ამავე დროს, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მომავალში თუკი მსგავსი კრიზისი შეიქმნება, პრეზიდენტს ევროკავშირის და დასავლელი პარტნიორების ჩარევისა და “შეწუხების” გარეშე შეეძლება მისი განმუხტვა.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალიახმევისთვის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებში, მომავალში კიდევ გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ როგში ამ ქვეყნისთვის.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის, ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი კიდევაც, გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ, დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე.

„დღევანდელი დღიდან უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც შეუძლია, იყოს არა ადგილი დაპირისპირების და ერთმანეთის სიძულვილის, ლანძღვის, არამედ ადგილი, სადაც მთავარი გამოწვევები, საკითხები იყოს გადალახული და ჩვენ მართლაც წინსვლით გამოვირჩეოდეთ და არა უკუსვლით. ის ადგილი და ის უფლებები, რაც დღეს უკვე ოპოზიციას ენიჭება საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპულ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. რადგან ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას და გახდა ქმედითუნარიანი. ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები. ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ, საერთაშორისო სივრცეში.

„ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც, შეუძლია, თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება ეს საჭირო, რაღაცა ფორმით ის მედიაცია შეასრულოს, რომელიც მგონია, არის ასევე საზოგადოების სურვილი, რათა აღარ იყოს მუდმივად თქვენი ჩამოსვლა საჭირო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ ის, რომ საფუძველი ეყრება სასამართლო და საარჩევნო სისტემის გაძლიერებას, რითაც უახლოეს თვეებში მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემას.

პრეზიდენტმა იმედი გამოხატა, რომ ამ პროცესით ასევე, ევროკავშირთან უფრო ფართო თანამშრომლობას ჩაეყრება საფუძველი.

„სიტყვების დრო დასრულდა და დაიწყო საქმის დრო“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.