საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი

ევროკავშირს ჩვენგან, საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, დემოკრატია, მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

„დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, რათა საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის. ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა, სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველას მხრიდან ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და საქართველო წაიყვანოს იმ გზაზე, რომელიც არის საზოგადოების მიერ მოთხოვნილი გზა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი, მუდმივი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.