საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს

კომენტარები დღეს პარტიიდან კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებული არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ამავე დროს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის და ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენს საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს.

„არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაშ, ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.

მართალი თუ ტყუილი – ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც თვითონ აცხადებენ, 3 ოქტომბერზე და ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა რამის მზადება.

მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარი მოწოდებებით.

პასუხისმგებლობა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენs საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებლიანი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო, მჯერა, არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგისა და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ, არჩევნებისკენ. ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.