საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტისას, „მედეფის“ (MEDEF) საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს საქართველოს დამორჩილებას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა.

„რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია. რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს, მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან განაცხადა, რომ საქართველო იდენტობით ევროპულია.

„ეს ევროპული მისწრაფება არ არის ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა. საქართველო თავისი არსებობის დღიდან მისი იდენტობით ევროპულია – ეს არის კოლხეთი, სადაც იასონი და არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ, ეს ჩანს ბერძნულ მითოლოგიაში. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც თავს მიიჩნევდა, როგორც ხიდს დასავლეთთან. ის გახლავთ ღვინის ცივილიზაციის აკვანი. ჩვენ გამოვედით პოსტსაბჭოთა სისტემიდან და არ დავუშვებ, რომ ვინმემ ან რამემ უკან დაგვაბრუნოს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.