საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „მოვდივარ ჩემი ქართული ენით… კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თავის განვლილ ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფერს ნანობს და ამ გზაზე მოდის თავისი „ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის“.

„არაფერს არ ვნანობ. იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ განვლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ძალიან ბევრის მომტანი ჩემთვის და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ.

„მოვდივარ ასევე, ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის… ცხადია არის, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის, ისეთი არის, თუმცა მე ჩემ თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე, ზოგიერთისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მთავარი ეს არ არის (ტაში). მთავარი არის, რომ მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებც დღეს არიან საზღვარგარეთ – იქ არიან დაბადებულნი, ან წასულნი, იქ სწავლობენ თუ მუშაობენ – მათი ბედი და მომავალი არის ჩვენ ქვეყანასთან ძალიან დაკავშირებული და იმათ მინდა ვუთხრა, რომ ამას ნუ შეუშინდებით, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით, იმიტომ რომ, ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის – მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას ზურგს უმაგრებს საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე 30-წლიანი მოღვაწეობა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოდის პირველ რიგში იმისათვის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვას და ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა.

„რისთვის მოვდივარ – მოვდივარ, პირველ რიგში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა; რომ არასდროს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში დავკარგეთ ყველა მიმართულებით ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც გვინდა ამ ტერიტორიების შენარჩუნება და ცხადია, გამთლიანება. მოვდივარ ასევე იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით; მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად იმიტომ, რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი – ეს ყველაფერი უკვე ამოვიდა ყელში, ხომ მეთანხმებით? ჩემამდე უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა” და ჩვენ ვართ ახლა მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ტრიალებს ამ ქვეყანაში…. მოვდივარ იმისთვის, რომ ეს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი საერთაშორისო და საშინაო გამოცდილება მოვახმარო ამ ქვეყნას მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში…. მოვდივარ იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.