საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას, არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს წინასაარჩევნოდ „პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას“, არა იმიტომ, რომ მას პირადი მოსაზრება არ გააჩნია ან ვინმესი ეშინია, არამედ იმიტომ, რომ „მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს“.

„მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას, არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას, არა იმიტომ, რო საკუთარო მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში. ამ მიზნით, საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია.

„დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ყველას მოვალეობაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორექტული თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას. ჩემი მოვალეობაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ამ დაპირისპირებამ არ დააზიანოს საქართველოს ინტერესები გარეთ და საფრთხე არ შეუქმნას სტაბილურობას შიგნით.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა, თუნდაც მწვავე ოპონირება ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში, თუმცა ჩვენს პირობებში, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია. ამიტომ, დაუშვებელია ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი. ამიტომ, სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მით უმეტეს, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს – არც პოლიტიკურს, არც ეკონომიკურს, არც სამართლებრივს. ასეთი ბრალდება ერის წარსულისა და მისი არჩევანის შეურაცხყოფაა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

GUARDIAN.GE