საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხუთშაბათს საკუთარი პრიორიტეტები სამტრედიისა და ვანის მოსახლეობას გააცნო.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი მოსაზრებებისა და აღნიშნა, რომ იგი ყველას პრეზიდენტი იქნება.

„მაშინ როდესაც საზოგადოებაში ამდენი აგრესია და სიძულვილია, ამ ფონზე ქალი პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სიტუაცია ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ. კარგად ვიცი რაც გაწუხებთ, რა პრობლემებია, თუმცა უპირველესად თუ არ გვექნება ქვეყნაში სიმშვიდე და არ გავერთიანდებით, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარეთ და სწორედ ჩვენმა ძალამ მოგვცა საშუალება, ეს პატარა ერი დღეს, აქამდე მოსულიყო. ყოველთვის ვამბობდი, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა შევძელი იმიტომ, რომ საქართველო იყო იმ დროს ერთსულოვანი და კონსოლიდირებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს უპირობო მხარდაჭერა არის დიდი ძალა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არსებობს დესტრუქციული ოპოზიცია.

„ჩემზე ამბობენ, რომ არ ვიქნები დამოუკიდებელი, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩემი წარსულიდან გამომდინარე ეს ასე ვერ იქნება. ამავდროულად, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი და ხიდი ხელისუფლებას და თქვენს შორის, მე ვიქნები თქვენი ხმა. მე ვიქნები მთავარსარდალი და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ არ დავკარგავთ ტერიტორიებს და არ ავყვებით პროვოკაციებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კბილებით არ დავიცავთ ჩვენ წითელ ხაზებს, რომელიც დამიტოვეს ჩემმა მშობლებმა და რომლის გამოც მე უცხოეთში გავიზარდე”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიმართვისას კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამჭვირვალობასა და ღიაობაზე. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ხარჯის შესახებ, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სად და რატომ მიდის პრეზიდენტი.

„ლაპარაკობენ იმაზე, თუ რომელ სასახლეში შევა პრეზიდენტი, მე კი მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი გამოვიდეს სასახლიდან და იაროს ხალხთან, ჩავიდეს რეგიონებში და იცხოვროს რეგიონში. ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს, როგორც ბრენდი და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სიმდიდრე“, – აღნიშნა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, როგორც ამას მისი პრესსამსახური იტყობინება.