საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, რომ უკვე ყოველგვარ ზომას და ზღვარს გადასცდა საბჭოთა სტილის კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიდის

„ევროკავშირის ელჩს მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩს იმ მუქარის შემცველი განცხადების შესახებაც ესაუბრა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, შეძლებისდაგვარად დააფინანსონ მისი საარჩევნო კამპანია.

„მე ყველას ვთხოვე საჯაროდ, ტელევიზიით და ყველა ფორმით რაც შემეძლო, ყველასგან ვითხოვ დახმარებას, დაფინანსებას ამ კამპანიის, იმის მიუხედავად, რომ სწორედ თქვენი ტელეარხის დირექტორისგან (შენიშვნა: საუბარია „რუსთავი 2“-ის დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე) და სხვებისგან მოდის მუქარა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაბედავს და დამეხმარება, დამაფინანსებს და დღესაც მინდა ყველას მივმართო, რომ ვისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს, სწორედ რომ აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია არაფრის დღევანდელ დღეს, დამაფინანსოს, ყველასი ჩათვლით, თავისუფალი არის ჩემი საარჩევნო ფონდი“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა:

„მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს. სხვათაშორის წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესო არის და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, საჭირო არის მეც გავავრცელო, რომ ყველამ იცოდეს რანაირად, რას ფიქრობს ჩვენი ერთ-ერთი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს“.

guardian.ge