საქართველო

სალომე ზურაბიშვილის მიერ სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდეურესად სახიფათოს” უწოდებს სალომე სამადაშვილი

„ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდეურესად სახიფათოს” უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო არა მხოლოდ ეთნიკური შუღლის გაღვივების თვალსაზრისით, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ სამცხე-ჯავახეთში ამ რეგიონში უკვე მრავალი წელია, უკვე აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის პროპაგანდა იმისთვის, რომ გააღვივონ ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობები. როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ჩადის ამ რეგიონში და საუბრობს პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ენით, გზავნილებით ეს არის პირდაპირ დარტყმა ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესზე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში”, განაცადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალქალაქში შეკრებილ ამომრჩეველს შეახსენა, როგორ აძლევდა საქართველოს მოქალაქეობას წარმოშობით თურქებს პრეზიდენტი სააკაშვილი.

„პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე. ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული”, განაცხადა ზურაბიშვილმა.

guardian.ge