საქართველო

საკურორტო ზონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტურისტულ რეგიონებში მომატებული ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით შეეხება ზღვისპირა კურორტებს, კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება. 

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს