საქართველო

საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 აპრილს პარიზი-თბილისის ავიარეისი, 18 აპრილს – თელავივი-თბილისის რეისი, 21 აპრილს – რომი-თბილისი რეისი შესრულდება. აღნიშნულ რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს.

„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება 7 აპრილი – ათენი-თბილისი; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

„მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი“, აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.