საქართველო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ხელისუფლებამ მართებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მკვეთრი შენელების ფონზე შოკის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამსუბუქებლად

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა და საქართველოსთვის დაამტკიცა 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.



სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ განახორციელა შესაბამისი ზომები პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამსუბუქებლად;


ამავე დროს, ფონდი მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა და თამამი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება გადამწყვეტი იქნება ეკონომიკის აღდგენისა და COVID-19-სგან მიღებული ზიანის შესამცირებლად;



სსფ-ის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს, ხოლო ინფლაცია მიზნობრიობის შესაბამისი-3.0 პროცენტი იქნება.



აღსანიშნავია, რომ 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად, ფონდმა ნოემბერში დაასახელა რეგიონული დაძაბულობა და პანდემიური მოვლენების გამძაფრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.



შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებამ, ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიასთან გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაზე.



ფონდის შემფასებელმა მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ დროულად განახორციელა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ღონისძიებები, რამაც ქვეყანაში შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები.



აღსანიშნავია, რომ საქართველოა პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა სავალუტო ფონდმა. ამის წინაპირობა იყო წინა წლების გამართული ფისკალური პოლიტიკა და სავალუტო ფონდის მხრიდან ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობა.



სწორედ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებმა გაგვიხსნა გზა ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიდან საკმაოდ სწრაფი და მოცულობითი მხარდაჭერის მისაღებად.



ამ ეტაპზე, დონორებთან ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველო პირველ ადგილზეა, პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენს ძირითად დონორ ორგანიზაციებში.