საქართველო

საგურამოსთან, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.

ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრასპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ხიდზე დაიწყო პრევენციული ღონიძიებების განხორციელება. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება საცობი.

“სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ მგაზვრებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული მიმართულებით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.