საქართველო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი აცხადებს, რომ ახალი სკოლის აშენება 4,5 მილიონი ლარი დაჯდა

დავით როსტომაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორად 2012 წლის თებერვალში დაინიშნა და უკვე 8 წელია რაც ორი – აზერბაიჯანული და ქართული სექტორისაგან შემდგარ სკოლას უდგას სათავეში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, მან თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, 3 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა, შემდეგ საგარეჯოს რაიონის ბადიაურის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით კი სოფელ ბადიაურის გამგეობაში – გამგებლის მოადგილედ.

დავით როსტომაშვილი იყო ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-გზის დეპუტატი და მიწების ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე, 2012 წლის თებერვალში კი, ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა.

 

იგი ლამბალოს სკოლაში მისვლის „რთულ პერიოდს“ იხსენებს, როცა სკოლა 5 კერძო სახლში იყო განთავსებული, აღნიშნული სახლები კი ერთმანეთისაგან საკმაოდ იყო დაცილებული და ასეთ მდგომარეობაში პედაგოგებისათვის საათების მორგებულად განაწილებისა და მართვის სხვა საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა ხელმძღვანელი პირისაგან სათანადო ძალისხმევას მოითხოვდა.

„მე რომ მოვედი, ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა“, ამბობს GUARDIAN.GE-ისთან საუბარში ბატონი დავითი და განაგრძობს:

 

„დაქირავებული გვქონდა 5 შენობა, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. აღსანიშნავია, რომ ეს შენობები ერთმანეთისაგან მოშორებით მდებარეობდა. წარმოიდგინეთ, სკოლის ერთ-ერთი შენობა სხვა სოფელში, 5 კილომეტრის მოცილებით მდებარეობდა. შეიძლება ითქვა, რომ სკოლა ფაქტობრივად არ არსებობდა.

„ჩვენი მთავრობის დახმარებით მოვახერხეთ, რომ სოფელ ლამბალოში 2016 წელს დასრულებულიყო ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და რემონტი, რაც დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი დაჯდა. სკოლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით აშენდა და ბუნებრივია, ხელისუფლების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

„როგორც გითხარით, ჩემი დირექტორის პოსტზე დანიშვნა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა. უნდა გაგენაწილებინა საათები მასწავლებლებისთვის, ერთი გაკვეთილი ერთ შენობაში, მეორე სხვაგან, მაგრამ შევძელით, რომ ყველა სახლში, სადაც განთავსებული იყო საკლასო ოთახები, ისე გვქონდა ცხრილი გაკეთებული და პედაგოგებიც ისე შესაბამისად გვყავდა გადანაწილებული, კლასების მიხედვით, რომ ძალიან ბევრი სასიარულო არ ჰქონოდათ აქეთ-იქით.

„მართალია, რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ხომ იცით, ბავშვებს არ ეღალატებათ და პედაგოგებს ეს სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული და მათი მუშაობა ასეთ პირობებში – 7-9 წელიწადი ჩემს მოსვლამდე და ჩემი მოსვლის შემდგომ კიდევ 4 წელზე მეტი, 2012 წლიდან 2016 წლამდე – რომ იტყვიან, გმირობის ტოლფასი იყო.

„ბუნებრივია, ამ სოფელში მანამდე სკოლა ერთ შენობაში ფუნქციონირებდა, მაგრამ უკვე სიძველისაგან გამოსული იყო მწყობრიდან და აღარ შეიძლებოდა იქ სწავლის გაგრძელება, საშინელ მდგომარეობაში იყო, შეიძლება ჩამონგრეულიყო და დაზიანებები მიეღოთ როგორც ბავშვებს, ისე პედაგოგებს“, აცხადებს ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი.

დავით როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ 2 ცვლაში მომუშავე ლამბალოს სკოლას თავისუფლად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ მოსწავლეთა რაოდენობა 1 400-ამდე გაზარდოს იმათ ხარჯზე, ვინც ამჟამად სოფლიდან ჯერ კიდევ სხვა სკოლებში დადის სასწავლებლად – ლამბალოს ახალი სკოლის აშენებამდე, დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული იმ სტერეოტიპისაგან თავის დაუღწევლობიდან გამომდინარე, რომ კერძო სახლებში განთავსებულ სკოლაში არსებული მდგომარეობა არასახარბიელო იყო.

„ბოლო წლებში სკოლის მოსწავლეების რაოდენობის მხრივ მატებაა. იმ პირობებში, როცა საკუთარი შენობა არ გაგვაჩნდა, 800-900 ბავშვზე მეტს ვერ ვიღებდით, მართალია მოთხოვნა იყო, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებდით მეტის მიღებას, ფიზიკურად არ გვქონდა ადგილი, რომ გაგვენაწილებინა ბავშვები.

„მას შემდეგ, რაც ახალ სკოლაში გადმოვედით, რა თქმა უნდა გაიზარდა კონტინგენტი, 1 200 ბავშვამდე ავედით უკვე, შემდგომში შესაძლოა 1 300 და 1 400-ამდეც ავიდეთ, რადგან ამჟამად, სოფელ ლამბალოში მცხოვრები ბავშვები სხვა სკოლებში დადიან, რადგან ჯერ კიდევ ვერ გაუთავისებიათ, რომ ახალი სკოლა აშენდა და აქ ასეთი კარგი პირობებია. სრულიად შესაძლებელია, რომ მომდევნო წლებში ისინი ჩვენს სკოლაში გადმოვიდნენ სწავლის გასაგრძელებლად.

„სკოლა  2 ცვლაში მუშაობს, რადგან ის 1 000 ბავშვზეა გათვლილი და გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეთა რაოდენობა დაგვემატა, სწავლების პროცესი 2-ცვლიანი გახდა. მეორე ცვლა 2 საათიდან იწყება და აქ მე-3, მე-4, მე-5 კლასელები გვყავს. სკოლას 12 მიკროავტობუსი ემსახურება, რომელთაც ბავშვები გადაჰყავს.

„სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ტრანსპორტი პედაგოგებსაც მოემსახუროს, არადა ზოგი მათგანი თბილისიდან დადის, ზოგი საგარეჯოდან ან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან და მათი ტრანსპორტირება პრობლემაა. საკითხის მოსაგვარებლად შესაბამის სამსახურს რამდენჯერმე მივმართეთ თხოვნით, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის დავით როსტომაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მისი სკოლის დირექტორად დანიშვნის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქართული ენის სწავლების პროცესს და მნიშვნელოვნად გაძლიერდა ქართული სექტორი, სადაც მოსწავლეთა რაოდენობამ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა, რაც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

(შენიშვნა: 2012 წლამდე, დავით როსტომაშვილის დირექტორად დანიშვნამდე, ლამბალოს სკოლის ხელმძღვანელი ყოველთვის ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო).

„ორი სექტორია, აზერბაიჯანული და ქართული. ქართულ სექტორზე 380 ბავშვი სწავლობს. როცა მე მოვედი, ქართული სექტორი უკვე მოქმედებდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ყურადღება არ ექცეოდა.

„2012 წლის შემდეგ, როცა მოვედი აქ, თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ამ მხრივ საკმაოდ წინ წავედით. აგერ უკვე ლამის მე-11 კლასს მივაღწიეთ, პირველიდან მე-11 კლასამდე გვაქვს უკვე ქართული სექტორის ჯგუფები. ყოველ წელს აგვყავს ერთი კლასი ქართულ სექტორში და ნელ-ნელა მივყვებით. ინტერესი დიდად არის გაზრდილი. ფაქტობრივად, ჩვენ დავაინტერესეთ ბავშვები.

„ადრე, თუკი ისინი აზერბაიჯანულ ენაზე ამთავრებდნენ სკოლას და ბაქოში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, საიდანაც უკან აზერბაიჯანული დიპლომებით ბრუნდებოდნენ, რასაც აქ ვერაფერში იყენებდნენ, ახლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად თბილისში აბარებენ.

„ჩვენ მათ ვუთხარით, ავუხსენით, ხომ ხედავთ, ეს დიპლომები არ გადგებათ; ხომ ხედავთ, ქართული ენის ცოდნის გარეშე აქ გზას ვერ იკვლევთ, ამიტომ გადმოდით ქართულ სექტორში, ისწავლეთ ქართულად და მოეწყვეთ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში და აქაური დიპლომები ჩვენს პირობებში წაგადგებათ-მეთქი. ბოლო წლებში უკვე ჩვენი სკოლიდან 15-18 ბავშვზე ნაკლები არ აბარებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში.

„აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანულ სეტორში ქართული ენის სწავლების დონე ნორმალურია. გვყავს 2 პედაგოგი, რომელთაც 1 000 ლარი აქვთ ხელფასი – ერთი დაგვინიშნეს, მეორე მოვიძიეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აზერბაიჯანულ სექტორში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე იყოს.

„რომ ვთქვა, რომ გადასარევადაა ამ მხრივ მდგომარეობა, არ ვიქნები მართალი, მაგრამ რასაც ახერხებენ ეს პედაგოგები და ასევე ადგილობრივი მასწავლებლებიც, რომლებიც აზერბაიჯანულ სექტორში ასწავლიან ქართულს, ეს დამაკმაყოფილებელია – ყოველ შემთხვევაში, უკმაყოფილებას მშობლების ან ბავშვების მხრიდან არ ჰქონია ადგილი და ის ფაქტიც, რომ ჩვენი სკოლის აზერბაიჯანული სექტორიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ბოლო წლებში წარმატებით აბარებენ აბიტურიენტები, იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ენის სწავლების დონე ჩვენთან კარგ სიმაღლეზეა.

„დღეს უკვე შეგვიძლია აზერბაიჯანული სექტორის ბავშვებს ნორმალურად ვესაუბროთ. ისინი დასმულ შეკითხვებზე პასუხებს თავისუფლად გაგცემენ. ადრე სრულიად სხვა სურათი იყო. უკვე გაითავისეს, რომ ქართული ენის ცოდნა აუცილებელია.

„ორი მოადგილე მყავს – ერთი ქართველი, მეორე აზერბაიჯანელი და შევდივართ კლასებში, როგორც დაბალ, ისე მაღალკლასელებთან და ვუხსნით, რომ ისინი საქართველოში მცხოვრებნი არიან და როცა გაიზრდებიან, ქართული ენის ცოდნა ძალიან დასჭირდებათ. ვუხსნით, ელემენტარულად, ოჯახის წევრი რომ ცუდად გაგიხდებათ, ვიღაც ხომ არ უნდა წაიყვანოთ-მეთქი ექიმთან თარჯიმნად და თავად ხომ უნდა შეძლოთ-თქო ახსნა ექიმისთვის, თუ რა აწუხებს პაციენტს. ამას უკვე აცნობიერებენ და ახლა ამ მხრივ შედარება არ არის ისეა მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეცვლილი.

„უმეტესობამ უკვე იცის ქართული ენა და თუკი ადრე ერთ სოფელში სამმა-ოთხმა კაცმა იცოდა ქართული და მთელი სოფელი მათ დასდევდა, რომ ექიმთან გაჰყოლოდნენ, როცა ცოლი ან შვილი გაუხდებოდათ ავად, ახლა სულ სხვა სურათია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემა დღესაც დგას, თუმცა, ხაზს ვუსვამ, ვითარება საგრძნობლად არის შეცვლილი“, განაცხადა დავით როსტომაშვილმა.

დირექტორის თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ გარკვეულ სირთულეებს სკოლის პედკოლექტივში არსებული ენობრივი ბარიერი  ქმნის.

„რეფორმების სიახლეებს ცოტა რთულად ვნერგავთ, რადგან ძირითადად ქართულადაა ყველაფერი და გვიჭირს ამის სრულად მიტანა პედაგოგებთან. ზოგი ისეთი მასწავლებელიც კი გვყავს, რომ საერთოდ არ ესმის ქართული ენა. ჯერ ჩემს აზერბაიჯანელ მოადგილეს უნდა ავუხსნა სიახლეების შესახებ, შემდეგ მან ჩემი სათქმელი ამ პედაგოგებს უნდა გადასცეს.

„გაკვეთილების შემდეგ ვტოვებთ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც უჭირთ რეფორმების გაგება, ხელახლა ვუხსნით მათ, ვეუბნებით, რომ ეს ასე არ არის, რომ ძველი წესები წარსულს ჩაბარდა, ახლა კი ახალი მიდგომებით უნდა გავყვეთ სასწავლო პროცესს. მოკლედ, ამ მხრივ მხოლოდ ენობრივი ბარიერი ქმნის პრობლემას“, აღნიშნა ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორმა.

დავით როსტომაშვილის ინფორმაციით, 75 პედაგოგისაგან შემდგარ კოლექტივში ამჟამად 22 უფროსი და 2 წამყვანი  მასწავლებელია, მათ შორის არიან აზერბაიჯანელებიც.

„12-მა პენსიონერმა პედაგოგმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო ჩვენი სკოლიდან. ჩვენ მათ კარგი გაცილება მოვუწყეთ, გამოცხადებულ ვაკანსიებზე კი შევსება ახალგაზრდა კადრებით მოვახდინეთ.

„ამჟამად 83 მომსახურე პერსონალი გვყავს, აქედან 75 პედაგოგია, მათგან 25 ქართველია, დანარჩენი აზერბაიჯანელები. ამ 75-დან სერტიფიცირებული 22 პედაგოგია – უფროსი მასწავლებლის სტატუსი მქონე – ძირითადად მაინც ქართველები არიან, თუმცა მათგან 4 აზერბაიჯანელიცაა, ვინც კარგად ფლობს ქართულ ენას და შეძლო გამოცდებზე წარმატების მიღწევა. ასევე გვყავს 2 წამყვანი მასწავლებელიც.

„მოგეხსენებათ, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს დამატებით კიდევ აქვთ  2 წელი გამოცდების ჩასაბარებლად და ბუნებრივია, ალბათ ამ 2 წელიწადში უფრო გაიზრდება ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებლების რაოდენობა. ვხედავ, რომ მოწადინებული არიან. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ქართველებმა ჩააბარეს და ხელფასები გაეზარდათ, ამათაც გაუჩნდათ სურვილი და ამბობენ, რომ იქნებ ცოტა დააჩქარონ ტესტების გაკეთება, რომ ჩვენც გავიდეთ გამოცდებზეო.

„როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე აზერბაიჯანელმა პედაგოგმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა და გახდა უფროსი მასწავლებლები, ისინი კი ვინც აზერბაიჯანულ ენას და ლიტერატურას ასწვლიან, ელოდებიან, რომ მათთვისაც დაიდოს ტესტები, რომ შეძლონ თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლება“, განაცხადა დავით როსტომაშვილმა და დასძინა, რომ 2016 წლიდან ახალი სკოლის კედლებში კარის შეღება მისთვისაც, პედკოლექტივისა და მოსწავლეებისთვისაც ახალი გამოწვევად იქცა.

„რა თქმა უნდა, ახალ სკოლაში რომ გადმოვედით – იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმყოფებოდით – თავიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტა გაგვიჭირდა კიდეც, სანამ შევეჩვეოდით ამ ახალ გარემოს. 2016 წელს, ფაქტობრივად, ჩვენ, ყველამ, ახლიდან დავიწყეთ ახალ გარემოში ცხოვრება.

„რა თქმა უნდა, დიდი სირთულეები იყო. სკოლა ძალიან მოცულობითია და მისი ექსპლუატაციის ხარჯები შესაბამის ფინანსებს მოითხოვდა. 2016 წელს 900 ბავშვი გვყავდა მხოლოდ და ამხელა სკოლის შენახვა ჭირდა. თუკი 2016 წლამდე 5 სახლი გვქონდა დაქირავებული, იქ ჩვენი ხარჯები თავისუფლად გვყოფნიდა, მაგრამ ახალ სკოლაში ხარჯები გაცილებით გაიზარდა – სისუფთავის, გათბობის და ა.შ.

„გათბობის მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემა გვქონდა, საქვაბეები ძალიან დიდია. ამხელა სკოლის გათბობა მნიშვნელოვან ხარჯს საჭიროებს და ძლივს, ძლივს ვწვდებოდით, მაგრამ მოვახერხეთ ბავშვების რაოდენობის გაზრდა, მოვიზიდეთ ის მოზარდები, რომლებიც სხვადასხვა სკოლაში იყვნენ გადანაწილებული, რამაც მეტი ფინანსური სარგებელი მოგვიტანა.

„ახლა  1 200 მოსწავლე გვყავს, ვაუჩერებიც გაგვეზარდა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის სექტემბრიდან თანდათან დაეტყო სკოლას წინსვლა. პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ძირითადი საკითხები მოგვარებული გვაქვს. ბავშვები უკვე მე-4 წელია თანამედროვე სკოლაში, ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილ გარემოში იღებენ განათლებას“, განუცხადა დავით როსტომაშვილმა GUARDIAN.GE-ის.