აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიმ ჩენ ინის რუსეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტად არის მიწვეული, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ოლეგ ბურმისტროვმა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დაბეჯითებით თქვა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტად არის დაპატიჟებული.

„არ ვიცი, ამის თაობაზე არაფერი არ ვიცი, პირველად მესმის“, განაცხადა ბურმისტროვმა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსულ-ჩრდილოკორეული სამიტი დღის წესრიგში არ დგას და ვლადიმერ პუტინის გრაფიკში კიმ ჩენ ინთან შეხვედრა არ არის ჩანიშნული.

გასულ კვირას კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი ჩინეთს დაჯავშნული მატარებლით სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად ესტუმრა და ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვოიაჟი იყო 2011 წლის შემდეგ, როცა იგი მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მერე ქვეყნის სათავეში მოვიდა.

აპრილის ბოლოს კიმის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჟე ინის შეხვედრაა დაგეგმილი ორი ქვეყნის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში, მაისში კი კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება.