საქართველო

რომან კაკულია ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის (United States Trade Representative) დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმოიხილეს. საკითხი შეეხებოდა აღნიშნულ რეგულაციებთან მიმართებაში როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას.

რომან კაკულიამ სტუმრებს ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესზე ინფორმაცია გააცნო და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის დელეგაცია დაინტერესდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციები თუ რა გავლენას იქონიებს მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობაზე, რომლებიც პროდუქცია არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ სხვადასხვა ბაზრებისთვის ქმნიან. კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკელ სტუმრებს სამთავრობო გუნდის ხედვები გააცნო და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და კომუნიკაციის საშუალებებზე შეთანხმდნენ.