საქართველო

რომან კაკულიამ განაცხადა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ის „არ ისურვებდა გუნდში დარჩენას“.

„საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა.

ჩვენ მეტის თქმის საშუალებაც არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად ობიექტური და საზოგადოება პასუხს მიიღებს ამ ძალიან უცნაურ ტექსტებზე, რომელიც ისმის თითქმის ყოველდღე ტელევიზიით და ეს ნამდვილად არ არის ის მოლოდინი, რაც „ქართული ოცნების” მიმართ ჰქონდა საზოგადოებას, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ის პირი, რომელიც იქ მონაწილეობს, პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის „ქართულ ოცნებასთან”.

ავთენტურობას დაველოდოთ. ამ ქვეყანაში არაავთენტური ჩანაწერების დიდი პრაქტიკა და გამოცდილებაც არსებობს, სამწუხაროდ. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთი ტიპის ზეწოლებს განახორციელებენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც იქნება სასარგებლოდ ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები”, განაცხადა რომან კაკულიამ „რუსთავი 2″-თან საუბრისას.

guardian.ge