წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანმა მიმდინარე წლის ნოემბერში პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მანამდე კი მან, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულები მიიღო და 2020 წლის 15 იანვირდან უფროსი მასწავლებელი გახდა.
ვართუი სარკსიანმა „ბიზნესკონტინენტთან“ საუბრისას ის რთული პერიოდი გაიხსენა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფელში სკოლა დანგრევის პირას აღმოჩნდა და სასწავლო პროცესი ლამის ჩაშლილი იყო. როგორც მან აღნიშნა, მისი დაუღალავი მცდელობის შედეგად ჩივთქილისის სკოლისთვის ახალაშენებული, თუმცა გასარემონტებელი შენობა გამოინახა, რომელიც მოგვიანებით გარემონტდა და სადღეისოდ სოფელს თანამედროვე სტანდარტების სკოლა აქვს.
„თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლა დაკეტეს, ბავშვები თავიანთ ნებაზე დასეირნობდნენ. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ წალკის განათლების რაიონული განყოფილება, ასე ერქვა მაშინ დღევანდელ რესურსცენტს, რომ სკოლა ფაქტობრივად დაშლილი იყო – არ იყო ფართი, მერხები, არავითარი ინვენტარი. გიმეორებთ, სკოლა ფაქტობრივად განადგურებული იყო. ასე არაფრიდან შევქმენი ახალი სკოლა.
„ეს 2000-იანი წლების დასაწყისი იყო. ამ დროს სოფლის თითქმის ყველა მამაკაცი რუსეთში იყო წასული სამუშაოდ და ძირითადად ქალები ვიყავით დარჩენილი სოფელში და ბავშვები.
„სასწავლო პროცესს ჩამოშლილ სკოლაში მაინც ვატარებდით, წვიმის დროს დერეფნები იტბორებოდა, ხელფასებიც კი არ გაიცემოდა და ასე უფასოდ ვმუშაობდით. ძალიან რთული წლები იყო, არ ვიცოდი რა გვეღონა, ჩავდიოდი წალკის გამგეობაში დახმარების სათხოვნელად და თქვენ წარმოიდგინეთ, ვტიროდი იქ, რომ დაგვხმარებოდნენ, ვტიროდი, ვითხოვდი, რომ გადმოეცათ ჩვენი სოფლის თავში მდებარე ერთ-ერთი ახალაშენებული, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული საბჭოთა მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მიტოვებული იყო, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხალხი თანდათან შლიდა მას, და ერთ-ერთ ჩვენს თანასოფლელს უნდოდა ამ შენობის ყიდვა. მე ამის შესახებ გავიგე. წავედი ისევ გამგეობაში, განათლების განყოფილებაში და ვტიროდი, ვეუბნებოდი, მოდით, ნახეთ და გვითხარით, არის თუ არა შესაძლებელი ასეთ სკოლაში გაკვეთილების ჩატარება. ვთხოვე გადმოეცათ ჩვენთვის ეს შენობა, რომელსაც გავარემონტებდით. ისინი ძალიან დამეხმარნენ მე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი დახმარება გამიწია ქვემო ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ.
„მოკლედ გაჭრა იმან, რომ უკან არ დავიხიე და სხვებიც დაგვეხმარნენ და ასე ნელ-ნელა, ეტაპობრივად შევქმენით სკოლა, რომელსაც დღეს თქვენ უყურებთ. ხოლო ის სკოლა, სადაც მანამდე ვიმყოფებოდით, უკვე აღარ არსებობს, დაიშალა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დაგვეხმარა წალკის გამგეობა და განათლების განყოფილება. ეს სკოლა 2005-06 წელს აღვადგინეთ და მას შემდეგ ყოველწლიურად ვზრუნავთ მასზე.
„ახლა სკოლებს ძალიან კარგად აფინანსებენ, ხელფასებიც მაღალია და თან დროულად გაიცემა. როგორც გითხარით იყო ისეთი პერიოდი, რომ ჭერიც კი არ გვქონდა და ხლეფასებსაც ვერ გვიხდიდა სახელმწიფო, მაგრამ ჩემთვის სკოლა და პედაგოგის პროფესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ ფულთან გაიგივებული. მე ამ სფეროში ჩემი საქმის სიყვარულის გამო დავრჩი და ამიტომ ვარ დღემდე სკოლაში. ბევრი წავიდა იმ რთულ დროს სკოლებიდან, მაგრამ მე ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ვართუი სარკსიანმა, რომელიც ჩივთქილისის საჯარო სკოლას უკვე 30 წელი უცვლელად უდგას სათავეში.