საქართველო

რიგგარეშე/შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა.

თამარ ჟვანიამ ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის 107 უბნიდან 74 უბნის შედეგები წარადგინა.

მისი განცხადებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას ამომრჩეველთა 54.45%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, მან ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 42.75% მიიღო.

მთაწმინდის ოლქში 31 უბნიდან 27 უბნის მონაცემების მიხედვით, შალვა შავგულიძეს 36.75%, ვლადიმერ კახაძეს კი, 41.28% აქვს მიღებული.

მარნეულის ოლქში არსებული 90 უბნიდან 81 უბნის მონაცემების თანახმად, ახმედ იმამკულიევი – 7.73%, აგილ მუსტაფაევი – 11.06%, ზაურ დარგალი – 79.08%.

ზესტაფონის ოლქში 53 უბნიდან მონაცემები 52 უბანზე დათვლილია. ბაქარ ხიჯაკაძე – 34.29%, ანზორ ნებიერიძე – 2.66%, გიორგი წულაია – 5.83%, გიორგი გოგლიჩიძე – 50.57%.

ჭიათურის საარჩევნო ოლქში 57 უბნის მონაცემების მიხედვით, გივი მოდებაძე – 64.37%, ზურაბ კუპატაძე – 18.1%, დავით ჭუმბურიძე – 15.36%.

ხულოს ოლქში 54-ვე უბანზე დათვლილია მონაცემები. შედეგები კი ასე გამოიყურება – ირაკლი ჯორბენაძე – 23.74%, ვახტანგ ბერიძე – 70.91%.