მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა

„რესპუბლიკელებმა“, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს, იტყობინება BBC-ის ამერიკული პარტნიორი CBS News-ი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო ადგილი ოთხშაბათს, კალიფორნიის 27-ე ოლქის მოქმედი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. CBS-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ ახლა სავარაუდოდ 218-223 მანდატს მიიღებს კონგრესის 435-ადგილიან ქვედა პალატაში.

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან მცირე უპირატესობის მიუხედავად, მათ შეეძლლებათ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენზე დარტყმის მიყენება და მისი საკანონმდებლო დღის წესრიგის შეჩერება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მაგრამ „დემოკრატები“ შეინარჩუნებენ კონტროლს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაზე – სენატზე, როდესაც ახალი კონგრესი შეიკრიბება იანვარში.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“, დიდი მოლოდინების მიუხედავად, კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. „დემოკრატებს“ 50 ადგილი ერგოთ, „რესპუბლიკელებს“ – 49 და ჯორჯიის შტატში 6 დეკემბერს დაგეგმილ მეორე ტურში „რესპუბლიკელების“ კანდიდატის გამარჯვების, ანუ ადგილების 50-50-ზე გადანაწილების შემთხვევაშიც კი უმრავლესობა მაინც „დემოკრატებს“ ექნებათ, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სენატის თავმჯდომარეცაა და გადამწყვეტი ერთი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე კევინ მაკკარტი დაასახელეს მათ კანდიდატად, რომელმაც „დემოკრატი“ ნენსი პელოსი უნდა შეცვალოს. სპიკერად არჩევისთვის, პალატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერმა უნდა მოიპოვოს უმრავლესობის მხარდაჭერა პალატის სრული შემადგენლობის – 435 წევრიდან. მაგრამ პელოსიმ მიანიშნა, რომ იგი ასე ადვილად და წყნარად არ დათმობდა თანამდებობას. ოთხშაბათს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში მან პირობა დადო, რომ მისი პარტია გამოიყენებდა „ძლიერ ბერკეტს რესპუბლიკურ მწირ უმრავლესობაზე“.

82 წლის პელოსის, პირველ ქალს, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა, ვაშინგტონში მისი მომავლის შესახებ ვარაუდების გამოთქმის ფონზე, არაფერი უთქვამს თავის პრესრელიზში იმის შესახებ, აპირებდა თუ არა უმცირესობის ლიდერად დარჩენას.

ამასობაში კი, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კვლავ პოპულარულია „რესპუბლიკელთა“ დიდ ნაწილში, მაგრამ იგი თანაპარტიელებმა 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში არშემდგარი „წითელი ტალღის“ გამო დაადანაშაულეს.

guardian.ge