აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც დილით სირიის ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, ბრძანება გასცა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანასთან დაკავშირებით, იტყობინება რუსული მედია.

„ვბრძანებ, თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის ხელმძღვანელმა დაიწყონ რუსული სამხედრო შენაერთების მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში გაყვანა“, განაცხადა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლატაკიას სიახლოვეს განლაგებულ საჰაერო ბაზაზე.

მისი სიტყვებით, რუსი სამხედროები თავიანთ ახლობლებს გამარჯვებულები უბრუნდებიან. „სამშობლო გელოდებათ თქვენ, მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი უკან დაბრუნება. მადლობას გიხდით სამსახურისათვის“, განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მსხვერპლს და დანაკარგს, რომელიც აქ, სირიაში და ჩვენთან რუსეთში განვიცადეთ ტერორიზმთან ბრძოლაში“, ხაზი გაუსვა პუტინმა და დაამატა, რომ „თუკი ტერორისტები კვლავ წამოწევენ თავებს, მაშინ ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, როგორიც მათ აქამდე არ უნახავთ“.

ხმეიმიმში რუსეთის პრეზიდენტი სირიელ კოლეგას ბაშარ ალ-ასადს, თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და სირიაში რუსული სამხედრო შენაერთების მეთაურს, სერგეი სუროვიკინს შეხვდა.

რუსეთმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია 2015 წელს დამასკოს თხოვნის საფუძველზე დაიწყო.

GUARDIAN.GE