ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გასავლელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა, რათა რუსეთის 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს, იტყობინება რუსული მედია.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინი არჩევნებზე მიდის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. წინადღით, 26 დეკემბერს, მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებას ხმა მისცა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 600-ზე მეტი ადამიანია შესული, მათ შორის მოქმედი რუსი პოლიტიკოსები – სენატორები და დეპუტატები, ასევე არტისტები და მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება შეუძლია პარტიას, ისევე როგორც საინიციატივო ჯგუფს. პარტია კანდიდატურას თავის ყრილობაზე აყენებს, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენისთვის ამომრჩეველთა საინიციტივო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რომელშიც არანაკლებ 500 ადამიანი შევა.

დამოუკიდებელ კანდიდატებს კანონი რეგისტრაციის ეტაპზე თავიანთი მხარდამჭერების ხელმოწერების წარდგენას ავალდებულებს და ეს 300 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს, მათ შორის ერთ რეგიონში ხელმომწერთა რაოდენობა 7,5 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

2018 წლის 18 მარტს პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ვადით იყრის კენჭს.

იგი რუსეთის ფედერაციის სათავეში პირველად 2000 წლის 26 მარტს, პრეზიდენტ ელცინის ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ მოვიდა.

GUARDIAN.GE