ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას მან თქვა, რომ ეს არის საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა.

„სამხედრო სამსახური გავრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან, განსაკუთრებით მათ, ვინც მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, აქვთ გარკვეული სამხედრო პროფესია და შესაბამისი გამოცდილება“, – განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის განადგურება სურს და არ უნდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა სუფევდეს.

პუტინი ასევე დაიმუქრა ბირთვული შურისძიებით და დასძინა, რომ რუსეთს „ბევრი იარაღი აქვს საპასუხოდ“ დასავლეთის საფრთხეებისადმი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს, რათა რუსეთმა დაიცვას „ჩვენი ხალხი“ დონბასში.

ვლადიმერ პუტინის წინასწარ ჩაწერილი მიმართვის გავრცელებიდან მალევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაახლოებით 300 000 რეზერვისტი იქნება გამოძახებული – ისინი, ვისაც მანამდე გააჩნდათ სამხედრო გამოცდილება.

guardian.ge